ESG ინტეგრაცია, როგორც ფასეულობის შექმნის მამოძრავებელი
მარეგულირებელი მოთხოვნებისა და ბაზრის საჭიროების გათვალისწინებით, ESG-ის კორპორატიულ სტრატეგიაში ინტეგრირება აუცილებელი ხდება. თუმცა, თუ ეს ყველაფერი მხოლოდ ახალი საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებით არის განპირობებული, მაშინ შეიძლება მეტი ბიუროკრატიის და გაზრდილი ადმინისტრაციული ხარჯების წინაშე აღმოჩნდეთ. მეორე მხრივ, ESG-ს დანერგვას ბიზნესის თითოეულ ელემენტში შეუძლია ხელი შეუწყოს ბიზნესის ზრდას, შექმნას ახალი შესაძლებლობები და დაეხმაროს კომპანიას მომავლისთვის მზადყოფნაში.
როგორ შეუძლია მდგრადობას ფასეულობა შესძინოს კომპანიასა და დაინტერესებულ მხარეებს? წარმოგიდგენთ 4 ძირითად მიზეზს:
1. კაპიტალზე ხელმისაწვდომობა
კომპანიებს უკეთესი პერფორმანსით ESG-ის მიმართულებით უფრო ადვილად მიუწვდებათ ხელი ფინანსებზე. კერძო ინვესტორები ეძებენ მდგრად ორგანიზაციებს, რომლებიც დროთა განმავლობაში უკეთეს შედეგებს აჩვენებენ და შესაბამისად უფრო მაღალი კვოტით შეფასდებიან, ვიდრე კომპანიები, რომლებიც არ ითვალისწინებენ ESG-ს თავიანთ საქმიანობაში.
გარდა ამისა, მდგრადი კომპანიები უკეთეს სასესხო პირობებს იღებენ უფრო მომგებიანი საპროცენტო განაკვეთით, მაშინ როცა ბანკები და ინვესტორები სულ უფრო მეტად ფრთხილობენ არამდგრად ბიზნესში ინვესტირებისას.
დაბოლოს, ინვესტიციები შეიძლება მხარდაჭერილი იყოს მწვანე/სოციალური საზოგადოებრივი ფონდების მიერ, ორივე - ევროპულ და ეროვნულ დონეზე (მაგალითად, ფლამანდიური სააგენტო VLAIO, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს მდგრად კომპანიებს).
2. საფრთხეები და შესაძლებლობები
კომპანიები სულ უფრო მეტად განიხილავენ მდგრად განვითარებას ორივე მხრიდან - როგორც რისკს და როგორც შესაძლებლობას. უარყოფით გავლენას საზოგადოებასა ან გარემოზე შეუძლია გამოიწვიოს რეპუტაციული ზიანი და ფინანსური დანაკარგები, რაც ხაზს უსვამს პასუხისმგებლიანი პრაქტიკის მნიშვნელოვნებას. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები და მომსახურება კი პირიქით - ზრდის კომპანიის შეთავაზების მიმზიდველობას და შესაძლოა გაიყიდოს, როგორც პრემიუმ პროდუქტები, რა თქმა უნდა, მაღალი მარჟით.
მეტიც, რისკების გრძელვადიანი პროგნოზის მიხედვით, რომელიც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გაჟღერდა, ESG-სთან დაკავშირებული რისკები სულ უფრო გავრცელებული ხდება, რაც მოითხოვს ზომების მიღებას მომავალი რღვევების შესამცირებლად (მაგალითად, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ფიზიკური რისკები - წყალდიდობა ან გვალვა, რასაც შეუძლია დაარღვიოს მიწოდების ჯაჭვი).
3. ახალი პოლიტიკები და კანონმდებლობა
უკანასკნელი წლების განმავლობაში ნორმატიულ-საკანონმდებლო ბაზამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, რადგან ადგილობრივი და ევროპული მთავრობები ნერგავენ კანონებს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს კომპანიების მდგრადი განვითარების პროგრამებზე. მნიშვნელოვანია, რომ 2020 წელს ევროკომისიამ მიიღო ევროკავშირის მწვანე შეთანხმება - პაკეტი 150-ზე მეტი პოლიტიკური ინიციტივით, რომელიც მიმართული იყო მდგრადი პრაქტიკის ინტეგრაციისაკენ სხვადასხვა სექტორში.
გარდა ამისა, ევროკავშირის ინსტიტუტებმა გაზარდეს გამჭვირვალობა, რადგან მიიღეს დირექტივა კორპორატიული ანგარიშის მომზადების შესახებ (CSRD), რომელიც აწესებს აუცილებელ მოთხოვნებს ESG ანგარიშგების მიმართ კომპანიების დიდი ნაწილისათვის, მათ შორის მსხვილი კორპორაციების, ასევე პატარა და საშუალო საწარმოებისთვის.
იმგვარი ინიციატივები, როგორიც არის მდგრადი დაფინანსების პაკეტი, ასევე პროგრამა Fit for 55 და ასევე ნახშირბადის სასაზღვრო რეგულირების მექანიზმი (Carbon Border Adjustment Mechanism (CBAM), ემსახურება მდგრადი პრაქტიკების პოპულარიზაციას და ეხმარება ინდუსტრიებს ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირების მიზნებთან შესაბამისობაში. ყველა ეს ახალი ინიციატივა კომპანიებს თანდათანობით უბიძგებს მდგრადობისკენ.
4. ზეწოლა დაინტერესებული მხარეების მხრიდან (კლიენტები, მთავრობა, თანამშრომლები)
კლიენტები პარტნიორობისთვის უპირატესობას მდგრად კომპანიებს ანიჭებენ. ევროკავშირის პოლიტიკები, როგორიცაა მაგალითად დირექტივა კორპორატიული მდგრადობის ანგარიშის შესახებ, ქმნის ე.წ. წვეთოვან ეფექტს, რომელიც კომპანიებს აიძულებს თავიანთ ფასეულობის ჯაჭვში ეტაპობრივად გაითვალისწინონ მდგრადი განვითარების ძალისხმევა. ეს ნიშნავს, რომ მსხვილი კომპანიები ამჯობინებენ ბიზნესი აწარმოონ კომპანიებთან, რომელთაც აქვთ ESG-ის მაღალი სიმწიფე.
გარდა ამისა, მთავრობები სულ უფრო ხშირად ითვალისწინებენ მდგრადობას შერჩევის პროცესში სახელმწიფო ტენდერებისთვის და ამგვარად მას კრიტიკულ ფაქტორად განიხილავენ იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საჯარო კონტრაქტებზე არიან დამოკიდებული.
და ბოლოს, ბევრი კომპანია ჩართულია ბრძოლაში ტალანტებისთვის. მდგრადობის სტრატეგიის ქონა აუცილებელი მოთხოვნაა ბიზნესის მიმართ პოტენციური, მომავალი თანამშრომლების, კონკრეტულად კი Z თაობის მხრიდან. უკვე დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ მათი ამ მოთხოვნების გათვალისწინებით, ტალანტების შენარჩუნების და კმაყოფილების უკეთესი მაჩვენებლები მიიღწევა.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ კომპანიები სულ უფრო მეტად აქტიურდებიან მდგრადობის მიმართულებით, რადგან კარგად ესმით, რომ ამგვარ მიდგომას შეუძლია შექმნას ხანგრძლივი ფასეულობა კომპანიისა და დაინტერესებული მხარეებისთვის. კომპანიები იაზრებენ, რომ გონივრული ბალანსი ადამიანებსა და მათ უფლებებს, პლანეტის მოფრთხილებასა და ფინანსურ მოგებას შორის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და სწორედ ეს ცვლის მოკლევადიანი სარგებლის პერსპექტივას გრძელვადიანი და უფრო ჯანსაღი ხედვით. თანაც, ნორმატიული მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებული რისკების გარდა, მდგრად სისტემებზე გადასვლა ქმნის მრავალ შესაძლებლობას ბიზნესისთვის და შეუძლია ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას.