BDO-ს მორიგი პროექტი ფშავ-ხევსური ახალგაზრდებისთვის წარმატებით დასრულდა
BDO-ს მორიგი პროექტი ფშავ-ხევსური ახალგაზრდებისთვის წარმატებით დასრულდა
თემის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ბევრი თვალსაზრისით. პირველ რიგში აღსანიშნავია მიგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევები. ბოლო აღწერებით (2002-2014) საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, მოსახლეობის რიცხოვნობის ყველაზე მასშტაბური შემცირება ფშავ-ხევსურეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში (37%) აღინიშნა. პირაქეთა ხევსურეთის 35 სოფლიდან ყველაზე მეტი ადამიანი ბარისახოსა და კორშაში ცხოვრობს, მათ შორის ახალგაზრდების ხვედრითი წილი 20%-ზე ნაკლებია.
რეგიონი საინტერესოა ტურისტული თვალსაზრისით. დედაქალაქთან მეტ-ნაკლები სიახლოვის გამო, შესაძლებელია ფშავ-ხევსურეთის ტურისტული პოტენციალის განვითარება, რისთვისაც მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შენარჩუნდეს ადგილობრივი მოსახლეობა, განვითარდეს საოჯახო სასტუმროები და ადამიანებს არ ჰქონდეთ ენობრივი ბარიერი ტურისტებთან ურთიერთობის პროცესში. სწორედ ამიტომ, პროექტის დაგეგმვისას გავითვალისწინეთ, რომ ახალგაზრდები უკვე მომზადებული შეხვედროდნენ ტურისტულ სეზონს, რომელიც ივნისიდან იწყება.
BDO-ს პროექტი: ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო კურსი ფშავ-ხევსური ახალგაზრდებისთვის განხორციელდა „ბექას სკოლასთან“ პარტნიორობითა და „მთის ამბების“ მხარდაჭერით. თავდაპირველად ინფორმაცია კურსის შესახებ „მთის ამბების“ მეშვეობით მივაწოდეთ მოსახლეობას, დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეევსოთ სააპლიკაციო ფორმა და გამოეხატათ ინტერესი.
პარალელურად, დავიწყეთ პარტნიორი უცხო ენების ცენტრის მოძიება, რომელიც დაადგენდა აპლიკანტების მიერ ენის ცოდნის დონეს, დაგეგმავდა სასწავლო პროცესს, აწარმოებდა შუალედურ ტესტირებასა და ჩვენს ინფორმირებას შედეგების შესახებ. შერჩევის გზით ჩვენი პარტნიორი გახდა „ბექას სკოლა“, რომელმაც ეფექტურად დაგეგმა და უზრუნველყო სასწავლო პროცესი.
სულ შემოვიდა 24 აპლიკაცია. ტესტირების შედეგად შეირჩა 11 აპლიკანტი, რომელმაც მეტ-ნაკლებად ერთნაირად, საწყის დონეზე იცოდა ინგლისური ენა. კურსი დაასრულა 9 აპლიკანტმა, აქედან 7-მა დაწერა შემაჯამებელი ტესტი და მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი. კიდევ ერთი აპლიკანტი, რომელიც შედარებით უკეთესად ფლობდა ენას, „ბექას სკოლამ“ ჩასვა სხვა კურსზე, რომელიც მან წარმატებით დაასრულა.
სწავლება მიმდინარეობდა 3 თვის განმავლობაში, კვირაში 2 გაკვეთილის ინტენსივობით, ონლაინ ფორმატში. აპლიკანტები წარმოადგენდნენ ფშავ-ხევსურეთის სხვადასხვა სოფელს: ბარისახოს, კორშას, მაღაროსკარს, ხონისჭალას, კისტანსა და სხვა.
სააპლიკაციო ფორმის შევსებისას აპლიკანტებმა გაგვიზიარეს თუ რატომ სურდათ ინგლისური ენის შესწავლა, აღმოჩნდა, რომ თურმე ზოგი გიდობაზე ოცნებობდა სეზონურად დასაქმებისთვის, ზოგსაც ენის საფუძვლიანად შესწავლა სურდა, ზოგს კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი სურვილები ჰქონდა - ხევსურეთის განვითარება და იქ არსებული მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლა.
განათლების მხარდაჭერა BDO-სთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ვინაიდან ვთვლით, რომ განათლება ქვეყანაში სიღარიბის დაძლევისა და ქვეყნის განვითარების უალტერნატივო გზაა. პროექტი: ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო კურსი ფშავ-ხევსური ახალგაზრდებისთვის წარმოადგენს ბარისახოში 2021 წელს გახსნილი ფშავ-ხევსურეთის საგანმანათლებლო ცენტრის პროექტის გაგრძელებას.
ვიმედოვნებთ, რომ ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო კურსი ყველა კურსდამთავრებულისთვის იქნება ახალი შესაძლებლობების მომცემი უკეთესი განათლებისა და რესურსებზე ხელმისაწვდომობისთვის, ასევე დასაწყისი ენის ცოდნის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებისა და სრულყოფისთვის.